დღეს სამხრეთ აფრიკის მინდვრები კონფედერაციის თასის მერვე გათამაშების ბოლო ორ შეხვედრას უმასპინძლებს. როგორც წესი, თავდაპირველად, ცნობილი მე-3 ადგილის მფლობელის ვინაობა გახდება, ტურნირის ბოლო მატჩში კი გამარჯვებულის ბედიც გაირკვევა. ორივე მატჩში ის გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებიც მიმდინარე გათამაშებაში ერთმანეთს უკვე შეხვდნენ და მართალია, ამ ორივე ჩატარებულ თამაშში ერთ-ერთი გუნდის თვალსაჩინო უპირატესობა გამოიკვეთა, მაგრამ დღევანდელ მატჩებში არც საპირისპირო შედეგების დაფიქსირებაა გამორიცხული.ესპანეთი-სამხრეთ აფრიკა მე-3 ადგილის დასაკავებლად ერთმანეთს ესპანეთი და ადგილობრივი სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. მართალია, ჯგუფურ ეტაპზე ამ გუნდების დაპირისპირებაში ევროპელებმა მეტოქე იოლად დაჯაბნეს, მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა. 15-მატჩიანი მოგებათა და 35-მატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტას და ფინალს მიღმა დარჩენას, არ შეიძლება ესპანეთის ნაკრების გაქანების მქონე გუნდის ფსიქოლოგიაზე უარყოფითად არ ემოქმედა. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, ჟოელ სანტანას გუნდმა მართალია ნახევარფინალში მარცხი განიცადა, მაგრამ ყველას, უპირველესად კი, ალბათ, საკუთარ თავს, დაუმტკიცა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ბობოლებთან თამაში შეუძლია და ამის კიდევ ერთხელ დამტკიცებას დღესაც შეეცდება.ჯგუფური ეტაპის მატჩისგან განსხვავებით, დღეს გუნდები სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთით გადაინაცვლებენ და რუსტენბურგში ითამაშებენ. მიმდინარე გათამაშებაში, ამ ქალაქში ესპანელებმა ერთხელ ითამაშეს და ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვეს ახალ ზელანდიასთან. რაც შეეხება სამხრეთ აფრიკას, ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც ჟოელ სანტანას გუნდმა გოლის გატანა და გამარჯვება მოახერხა, სწორედ რუსტენბურგში განთავსებულ როიალ ბაკოფენგ სთედიუმზე; შედგა.შემადგენლობასთან დაკავშირებით კარგი ამბებია მასპინძელთა რიგებში. გუნდს უბრუნდება დისკვალიფიკაციამოხდილი მაკბეთ სიბაია. ტრავმა საბოლოოდ მოირჩინა ბერნანდ პარკერმა, რომლის ანგარიშზეა სამხრეთაფრიკელთა მიერ ტურნირზე გატანილი ორივე გოლი.მართალია, საკადრო პრობლემები არც ვისენტე დელ ბოსკეს აქვს, მაგრამ სავარაუდოდ, ულვაშა სპეციალისტი გადახალისებულ შემადგენლობას გამოიყვანს მოედანზე. ეს კი, უპირველესად, თავდასხმის ხაზს შეეხება, სადაც თამაშის საშუალება და ბომბარდირობის წოდებისთვის ბრძოლის გაგრძელება ვილიას და ტორესს, სავარაუდოდ, პირველივე წუთებიდან არ მიეცემათ.ასევე, მოსალოდნელია, ძალზედ დამღლელი საკლუბო სეზონის ჩამტარებელი ჩავისა და პუიოლის სათადარიგოთა სკამზე დასმაც. ეს ყველაფერი კი სამხრეთ აფრიკას კარგ შანსს მისცემს, ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ისტორიაში პირველად აარიდოს თავი მარცხს. სავარაუდო შემადგენლობები ესპანეთი:რეინა, რამოსი, არბელოა, პიკე, კაპდევილა, რიერა, ფაბრეგასი, ალონსო, კასორლა, ლორენტე, გუისა სამხრეთ აფრიკა: ფერნანდესი, ბუთი, გაქსა, მდლედლი, დავიდსი, მოკოენა, სიბაია, პიენაარი, მლონგო, მაშეგო, პარკერი აშშ-ბრაზილია ტურნირის დასკვნითი და სატიტულო შეხვედრა იოჰანესბურგში, ;კოკა კოლა პარკზე გაიმართება. ბრაზილიას კარგი შანსი აქვს კონფედერაციის თასი მესამედ მოიგოს და ამ მხრივ ერთპიროვნულად გალიდერდეს, გაუსწროს რა საფრანგეთს, რომელსაც ასევე ორი თასი აქვს მოგებული. საფრანგეთის ნაკრები ერთადერთი გუნდია, რომელსაც კონფედერაციის თასი ზედიზედ ორჯერ აქვს მოგებული და დუნგას გუნდს დღეს ამ მიღწევის გამეორების შესაძლებლობაც აქვს.თუ ბრაზილიელთა ფინალში გასვლა დიდად გასაკვირი არ ყოფილა, ამერიკელებმა, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპის პირველ ორ მატჩში დაფიქსირებული შედეგის შემდეგ, ნამდვილი სენსაცია მოახდინეს და გათამაშებას, დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები, ესპანეთი გამოთიშეს. შესაძლოა, ამ ფაქტორმა დღეს ბობ ბრედლის გუნდის სასარგებლოდაც იმოქმედოს. ბრაზილიელთათვის ფინალში გასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა, ამერიკელებმა კი კონფედერაციის თასის სატიტულო მატჩს მეოთხე მცდელობიდან პირველად უწიეს და შანსი აქვთ, თვით ბრაზილიასთან ორთაბრძოლის შემდეგ აღმართონ თავს ზემოთ ეს თასი. თან ;სელესაოსთან არსებული ძალზედ უარყოფითი ბალანსი შედარებით გააუმჯობესონ და მეთექვსმეტე მატჩში მეორე გამარჯვება მოიპოვონ.ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ერთმანეთს იოჰანესბურგთან ახლოს, პრეტორიაში შეხვდნენ. იმ მატჩში კონფედერაციის თასის მოქმედმა გამარჯვებულებმა წარმატებას იოლად მიაღწიეს, გაუტანეს რა მეტოქეს 3 უპასუხო გოლი. ფინალის მასპინძელ კოკა კოლა პარკზე მიმდინარე გათამაშებაში ამერიკელებს ჯერ არ უთამაშიათ, ბრაზილიამ კი ნახევარფინალური შეხვედრა მასპინძლებთან სწორედ ამ არენაზე გამართა და რთულ მატჩში გამარჯვებასაც მიაღწია.სავარაუდოდ, დუნგა დღეს მოედანზე ზუსტად იმავე შემადგენლობას გამოიყვანს, რომელიც მან ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკასთან ათამაშა. ალბათ, ასევე მოიქცეოდა ბობ ბრედლიც, ესპანეთთან შეხვედრაში მისი გუნდი კვლავ კაცნაკლული რომ არ დარჩენილიყო. ამერიკელი სპეციალისტის მთავარი საზრუნავი დისკვალიფიცირებული ნახევარმცველის და საკუთარი შვილის, მაიკლ ბრედლის ღირსეულად შეცვლაა და სავარაუდოდ, იგი ამის გაკეთებას ბელი ფეილჰაბერის დახმარებით შეეცდება. სავარაუდო შემადგენლობები აშშ: ჰოვარდი, სპექტორი, დემერიტი, ონიევუ, ბოკანეგრა, დემპსი, ფეილჰაბერი, კლარკი, დონოვანი, დევისი, ალტიდორე ბრაზილია: სეზარი, მაიკონი, ლუსიო, ლუიზაო, სანტოსი, ფელიპე მელო, ჟილბერტო სილვა, რამირესი, კაკა, რობინიო, ლუიშ ფაბიანუ.