მილანი (იტალ.: Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) ჩრდილოეთ იტალიის
მთავარი ქალაქია, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე და ქვეყნის ყველაზე
მჭიდროდ დასახლებული და განვითარებული რეგიონია. ქალაქის ფარგლებში
1.308.500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano,
დიდი მილანი) 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მილანის ე.წ. Città
Regione (ქალაქი-რეგიონი) 9,4 მილიონზე მეტ მცხოვრებს ითვლის.მილანის
სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც
ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური
Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც
Mediolanum .
მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1.981 კვ.კმ-ს
საერთო მოსახლეობით 3.838.818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება. მილანის რუქა (მსხვილი ხაზებით ერთმანეთისაგან გამოყოფილია ქალაქის რაიონები)
ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში
უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დომოზე (ტაძრის
მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია
ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე
ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი
ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის
ქსოვილით.
მილანი დააარსეს ინსუბრებმა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის
დასაწყისში. ძვ. წ. 196 რომს დამორჩილდა (ლათ. სახელწოდება Mediolanum) და
რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა. ლანგობარდების
დროს იყო ერთ-ერთი ჰერცოგის რეზიდენცია, 801-იდან მილანის საგრაფოს
დედაქალაქი, X საუკუნის დასასრულიდან - საარქიეპისკოპოსოს ცენტრი. XI-XII
საუკუნეებში ხელოსნობისა (იარაღის, აბრეშუმის, მაუდის და სხვა წარმოება)
და ვაჭრობის ცენტრია. XI საუკუნის II ნახევრიდან მილანი პატარიის ერთ-ერთ
კერას წარმოადგენდა, რის შედეგად 1097-1098 განმტკიცდა კომუნა (აღმოცენდა
ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა წლებში).