კონფედერაციის თასის მიმდინარე გათამაშების A ჯგუფში დღეს ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართება. დღის ცენტრალურ შეხვედრას ბლოემფონტაინი უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს მასპინძელი სამხრეთ აფრიკა და გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტი, ესპანეთის ნაკრები დაუპირისპირდებიან. ეს შეხვედრა საინტერესოა იმითაც, რომ ერთმანეთს შეხვდება ის ორად-ორი გუნდი, რომლებსაც მიმდინარე გათამაშების ორი ტურის შემდეგ ჯერ გოლი არ აქვს გაშვებული. ევროპის ჩემპიონებს ჯგუფიდან გასვლის ამოცანა უკვე გადაჭრილი აქვთ, მაგრამ პირველი ადგილის დასაკავებლად მათ დღეს წაგებისთვის თავის არიდება სჭირდებათ. რაც შეეხებათ მასპინძლებს, მათ ქულაც ჰყოფნით ნახევარფინალის საგზურის მოსაპოვებლად, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში სულაც პირველი ადგილის მფლობელები გახდებიან. ჟოელ სანტანას შანსი აქვს ჯგუფური ეტაპი წაგების შემთხვევაშიც დაძლიოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბაფანა ბაფანა ჯგუფის მეორე შეხვედრის ანგარიშზე იქნება დამოკიდებული. თუ ერაყმა ახალი ზელანდია 1:0 დაამარცხა, მაშინ მასპინძლებს ესპანეთთან ორბურთიანი სხვაობით მარცხიც კი აძლევთ ხელს. რაც შეეხება ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს, ესპანელები გამარჯვების შემთხვევაში არა მხოლოდ B ჯგუფის გამარჯვებულთან ნახევარფინალში შეტაკებას აიცილებენ თავიდან, არამედ ზედიზედ მოგებული მატჩების მხრივ ავსტრალიას, საფრანგეთს და ბრაზილიას გადაასწრებენ და 14 მოგებული თამაშით სარეკორდო მაჩვენებელს უწევენ. ხოლო თუ ესპანელებმა მარცხისგან თავის არიდება მოახერხეს, მათი წაუგებელი სერია 35-ე შეხვედრას მიითვლის.დიდი შანსია დღეს ვისენტე დელ ბოსკემ ძირითად შემადგენლობაში ნაკრების მეორე მეკარე, პეპე რეინა დააყენოს. ასეთ შემთხვევაში გულშემატკივარი მომსწრე გახდება პრინციპული ინგლისური დაპირისპირებისა. საქმე ისაა, რომ რეინა ინგლისური ლივერპულის მოთამაშეა, სამხრეთ აფრიკელი სტივენ პიენაარი კი მოსისხლე მტრის, ევერტონის ფეხბურთელი.გუნდებს შორის აქამდე გამართული ერთადერთი დაპირისპირება 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შედგა და ევროპელთა მინიმალური ანგარიშით გამარჯვებით, 3:2 დასრულდა. იმ შეხვედრაში მონაწილეობა ესპანეთის ნაკრების დღევანდელმა ფეხბურთელებმა, იკერ კასილასმა და ხავი ერნანდესმა მიიღეს. კარლეს პუიოლი კი შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან ადევნებდა თვალს. სამხრეთ აფრიკელთაგან კი ძირითად შემადგენლობაში აარონ მაკოენა და მაკბეთ სიბაია იმყოფებოდნენ. სტივენ პიენაარი კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა.მატჩის წინ ესპანელთა მთავარ მწვრთნელს, ვისენტე დელ ბოსკეს ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვიტავს, რა შედეგი იქნება მისი გუნდისთვის უკეთესი, მაგრამ მაინც სამ ქულას გეგმავს: ჯერ კიდევ არ ვიცით, ჩვენთვის პირველ ადგილზე გასვლა უკეთესი იქნება, თუ მეორეზე, მაგრამ იმისთვის რომ ყველაფერი ნათელი იყოს, ვიტყვი: ჩვენ მივისწრაფით პირველობისკენ. არ ვიცი, სამხრეთ აფრიკა როგორ გეგმებს აწყობს, მაგრამ იმედი მაქვს ერაყელებივით ითამაშებენ. ამით ჩვენ უფრო მეტი შანსი მოგვეცემა და შესაბამსად ბურთის გატანის შესაძლებლობაც მეტი იქნება დელ ბოსკეს იმედის გამართლებას აპირებს ჟოელ სანტანა, რომელიც დღეს დაცვითი ფეხბურთის ჩვენებას არ აპირებს: ეს ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი თამაშია თამაშია, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ნახევარფინალში გაყვანა შეუძლია, არამედ იმიტომაც, რომ ეს ფანტასტიკური შესაძლებლობაა ვითამაშოთ პლანეტის ერთერთ საუკეთესო გუნდთან. დიდ პატივს ვცემთ ესპანეთის ნაკრებს, მაგრამ ასეთ მატჩზე შიშს ვერ გამოვავლენთ და მხოლოდ დაცვაზე ვერ გადავერთვებით: ვაპირებთ მოედანზე გავიდეთ და ვითამაშოთ ჩვენი თამაში დღის მეორე შეხვედრაში ერაყის ნაკრები უმოტივაციოდ მყოფ ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება და შეეცდება მინიმუმ სამი ბურთის სხვაობით მოიგოს, რათა სამხრეთ აფრიკის დამარცხების შემთხვევაში, ნახევარფინალში გასვლის უკეთესი შანსი ჰქონდეს. ხოლო სამი ბურთით მოიგებს თუ უფრო მეტით, ბორა მილუტინოვიჩის გუნდისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ახალ ზელანდიელებზე დამაჯერებლად გამარჯვების მცირე, მაგრამ შორეული გამოცდილება კი ერაყელებს ნამდვილად აქვთ. 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე აზიელებმა მეტოქე ორი მატჩის ჯამში 6:0 (4:0 და 2:0) დაამარცხეს, რითაც ზელანდიელები ჯგუფის ბოლო ადგილზე დატოვეს, თავად კი მეორე ადგილი დაიკავეს, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.