კარლო ანჩელოტი 1959 წლის 10 ივნისს იტალიის პატარა ქალაქ რეჯიოლოში
დაიბადა. იგი საფეხბურთო კლუბ მილანის ყოფილი მოთამაშე და ამჟამინდელი
მთავარი მწვრთნელია. როსონერის იგი 2001 წლის ნოემბრიდან უდგას სათავეში
და მრავალი წარმატებული თუ წარუმატებელი პერიოდი აქვს განვლილი გუნდთან
ერთად. იყო უდიდესი სიხარულიც და უზომო გულისწყვეტაც. მან ჩემპიონთა ლიგის
ორი თასი, სკუდეტო ორი სუპერთასი და იტალიის თასი მოიგო. ანჩელოტი
ერთ-ერთი საუკეთესოა მილანის მწვრთნელთა შორის. 2007 წლის 11 სექტემბერს
იგი ევროპის წლის საუკეთესო თავკაცადაც დაასახელეს.
მოთამაშის კარიერა
როგორც მოთამაშე, კარლიტო 26-ჯერ იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას, მან
1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა. საკლუბო კარიერა კი
ვარსკვლავების სამჭედლოში, პარმაში დაიწყო 1976 წელს. 1979 წელს რომაში
გადავიდა, სადაც გუნდის კაპიტნობა, სკუდეტოს ერთხელ და იტალიის თასის
ოთხჯერ მოგებაც მოასწრო. 1987-დან 1992-მდე კი მილანში ბურთაობდა,
ამასთანავე იგი მილანის იმ ლეგენდარული შემადგენლობის ერთ-ერთი ცენტრალური
ფიგურა იყო, რომელმაც 1989 და 1990 წლებში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი.
მისი საუკეთესო მომენტი კი მაშინ იყო, როდესაც რუუდ გულიტისაგან პასი
მიიღო, რეალის ორ მოთამაშეს თავბრუ დაახვია და შორი მანძილიდან ულამაზესი
გოლი გაიტანა. ეს გახლდათ 1989 წლის ჩემპიონთა თასის ნახევარფინალური
შეხვედრა, რომელიც როსონერიმ 5-0 მოიგო. კარლიტომ ფინალშიც 90 წუთი
ითამაშა. მართალია გოლი არ გაუტანია, მაგრამ ერთ-ერთი შემოქმედი იყო
მილანის 4-0 ანგარიშით გამარჯვებისა. მილანელებმა ამ შეხვედრაში რუმინული
სტიაუა დაამარცხეს.
სამწვრთნელო კარიერა
კარლომ
სამწვრთნელო კარიერა სერია ბ-ს კლუბ რეჯიანაში დაიწყო. მართალია მან
გუნდში ერთადერთი წელი დაჰყო, მაგრამ რეჯიანა მონატრებულ სერია ა-ს
დაუბრუნა. შემდეგი კლუბი პარმა გახლდათ, სადაც ახალგაზრდა ჯიჯი ბუფონი
თამაშობდა. კარლოს არც პარმა დაუტოვებია ტიტულის გარეშე. ამ გუნდის ბოლო
ყველაზე სერიოზული მიღწევა უეფას თასზე გამარჯვებაა. ეს ჯილდო პარმამ
სწორედ ანჩელოტის მეთაურობით მოიპოვა. შემდეგ იყო იუვენტუსი. აქ სერიოზული
არაფერი თუ არ ჩავთვლით სერია ა-ს ვიცე-ჩემპიონობას ზედიზედ ორჯერ.
ყველაფერი კი შეიცვალა მაშინ, როცა კარლოს მილანის კარი გაუღეს.
მილანი ამ პერიოდში გარკვეულ კრიზისს განიცდიდა და მრავალჯერ მოუხდა
მწვრთნელი გამოცვლა. კარლოზე დიდი ავანსები გაიცა. მას მილანი ევროპულ
სარბიელზე ღირსეულად უნდა დაებრუნებინა. პირველივე წელს ლიგიდან
გამოვარდნილი გუნდი უეფას თასის ნახევარფინალში გაიყვანა. სილვიოს არ
დააკმაყოფილმა ამ შედეგმა და მწვრთნელი სერიოზულად გააკრიტიკა. კარლომაც
არ დააყოვნა და გუნდში თავი ისეთ ფეხბურთელებს მოუყარა, როგორებიც არიან
დიდა, ანდრეა პირლო, რუი კოშტა და ფილიპო ინძაგი. პიპოსა და შევჩენკოს
დუეტი წარმატებული სვლა აღმოჩნდა ანჩელოტისა. კარლოს მუშაობამ სათანადო
შედეგი მოიტანა და მილანი 2002-03 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა თასის
მფლობელი გახადა. ამას მოჰყვა იტალიის თასი და სკუდეტო 2004 წელს.
2005 წელს ლიგის ფინალი სტამბოლში. 3-0 პირველი ტაიმის შემდეგ მილანის
სასარგებლოდ, თუმცა თასი ლივერპულელებს. ეს მწარე გაკვეთილი იყო
შავ-წითლებისთვის. მაგრამ რას წარმოიდგენდა კარლიტო, რომ რევანში წინ
ელოდა. 2007 წლის 23 მაისი, მზიანი დილა და გადაწითლებული ათენი.
სუპერპიპოს ორი გოლი და ზეიმობს მთელი იტალია. მილანი შვიდგზის ევროპის
საუკეთესო კლუბი ხდება. ამის თავი და თავი კი ჩვენი სტატიის გმირი, უბადლო
და მიზანსწრაფული ტაქტიკოსი, კარლო, მეტსახელად კარლიტოა. საბოლოო ჯამში
მან თავისი მეოთხე თასი მოიპოვა ამ ტურნირზე, ორი მოთამაშის ამპლუაში,
ორიც კი - მწვრთნელისაში. ასეტ კაცს ხელიდან ვინ გაუშვებდა, დონ სილვიომაც
არ დააყოვნა 2010 წლამდე გაუფორმა კონტრაქტი.
ანჩელოტი მეხუთე მწვრთნელია, რომელმაც ეს ტიტული ორივე ამპლუაში მოიგო და
მეორეა მილანის მწვრთნელთა შორის ნერეო როკოს შემდეგ ჩატარებული მატჩების
მიხედვით. კარლომ გუნდი მინდორზე 322-ჯერ გაიყვანა, როკომ კი 459-ჯერ.
და ბოლოს, ანჩელოტის არაერთხელ გამოუთქვამს სურვილი იტალიის ნაკრების გაწვრთნისა, რაღა თქმა უნდა, მილანის შემდეგ.
|